სალომე ზურაბიშვილი სამომავლო გეგმებზე – “31-ში რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს”

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ახალ წელს ხალხთან ერთად შეხვდება რუსთაველზე, მანამდე და შემდეგ კი გამართავს არაერთ შეხვედრას როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

„თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე, სანამ ჩვენ არ დავნიშნავთ არჩევნებს და სანამ ჩვენ არ გვექნება თავისუფალი არჩევნები და ჩვენი არჩეული ღირსეული ხელისუფლება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 

სალომე ზურაბიშვილმა  განმარტა, რომ სხვა საკითხებთან ერთად იმუშავებს იმ საკითხზეც, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები ისე, რომ მისი გაყალბება შესაძლებელი არ იყოს.

„დეტალურად, დოკუმენტურად ამის დადებაზე ვიმუშავებ მე ყველასთან ერთად, ვინც ამ საქმეში იყო და არის ჩართული იმისთვის, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში დავდოთ დოკუმენტი და იყოს ეს არჩევნების მოთხოვნასთან ერთად.

ეს არ არის ლოზუნგი, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ეს არ არის რიტორიკული განცხადება, ეს არის რეალური მოთხოვნა და ამიტომ უნდა იყოს რეალურად დაფუძნებული თავის პირობებზე.

არჩევნები ჩატარდება – სხვა გზა არ არის და ეს არის ყველა შემთხვევაში, ყველა ასეთი კრიზისის დროს ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის და არა მხოლოდ იმით, რომ დავდოთ ასეთი დეტალური დოკუმენტი – პარტიები უნდა იყვნენ მზად, ახალი ძალები, რომლებიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისინიც უნდა იყვნენ მზად, ვინც აპირებს, რომ ხვალინდელი ქვეყნის პოლიტიკაში იყოს – თქვენი ჯერია და მოემზადეთ, ამიტომ, რომ ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეხვდება სხვადასხვა სეგმენტს, ჩავა რეგიონებში და გამართავს მაღალი დონის ვიზიტებს უცხოეთში.

“მე დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებთან – ბიზნესთან, რომელთანაც აუცილებელია, რომ მქონდეს ურთიერთობა და ერთად გავიგოთ, როგორ უნდა გადავატანინოთ ქვეყანას, რაც არის უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც შეიქმნა ამ მმართველი გუნდის გამო, მათი დასანქცირების გამო, მათი უგუნური ნაბიჯების გამო, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და გადავარჩინოთ ერთად.

შევხვდები საჯარო მოხელეებს, რომ მათთან ერთად გავიაზროთ მათი მდგომარეობა, ესენი იქნებიან ხვალინდელი სახელმწიფოს საყრდენი, ერთად უნდა დავდგეთ და ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავატაროთ ეს პერიოდი ისე, რომ მათი ოჯახებიც იყოს დაცული.

შევხვდები ახალ პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც არიან ქუჩაში ამდენი დღეა და გვაძლევენ მომავლის უზარმაზარ იმედის, რომლებმაც შექმნეს ახალი, თავისუფალი საზოგადოება.

თქვენთანაც მექნება შეხვედრა, უნდა მოვიფიქროთ, როგორ გაძლიერდეთ იმიტომ, რომ ნამდვილად ხართ თქვენ ის თაობა, რომელიც დაიბადა თავისუფალ საქართველოში და რომელიც ხვალ იქნება თავისუფალი საქართველოს სათავეში.

გავალ რეგიონებში, უნდა შევხვდე ადგილზე სხვადასხვა ქალაქებში იმ ადამიანებს, რომლებიც იქიდან აპროტესტებენ და იქიდან იცავენ ქვეყანაში – ბათუმში, ქუთაისში, სადაც შევძლებ.

გავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან. უკვე მაქვს არაერთი შეთავაზება ოფიციალურ ვიზიტების, რომელსაც გავაგრძელებ თქვენი სახელით იმისთვის, რომ გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში იყოთ წარმოდგენილი, იცოდნენ, რა გიჭირთ დღეს და რა იქნება ხვალინდელი გამარჯვება. ამ ყველაფრისთვის მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. ეს ბოლო ძალიან ახლოსაა, მაგრამ უნდა გავუძლოთ, უნდა გავაგრძელოთ”, – თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლიდან მიმართვის ბოლოს იქ შეკრებილ საზოგადოებასთან გავიდა, სადაც მას მოქალაქეები ოვაციებით შეხვდნენ და მადლობა გადაუხადეს.  მოქალაქეები პრეზიდენტის სახელს სკანდირებდნენ.