ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1 000 ლარამდე იზრდება. განმეორებითი სასჯელი – 500 ლარის ნაცვლად, 2 000-ლარიანი ჯარიმა იქნება.
პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით ორი მოსმენით უკვე მიიღო.
“სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით” – წერია დოკუმენტში.
ასევე, “სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე”, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, 500 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით დაჯარიმდება.
“ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით” – ნათქვამია პროექტში.
ასევე, იცვლება ვანდალიზმის მუხლი. კერძოდ, “მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით”.
აქამდე სასჯელი 300-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა. განმეორებითი სამართალდარღვევა გამოიწვევს 500 ლარის ნაცვლად 2 000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ავტორები არიან ნინო წილოსანი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.