შსს-ს ცნობით, აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული პირი დააკავეს – მას შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი – 2006 წელს დაბადებული ს.ჯ. დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს-ს თანახმად, საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 28 ნოემბრიდან სისხლისსამართლებრივი ბრალდებით დაკავებულია სულ 15 პირი.

 

„მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 7 პირი.

 

ასევე, 7 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.