„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე მე-18 დღეა პატიმრობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„შიმშილობის მე-18 დღე ძალიან საგანგაშოა. გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია. ჩემ სანახავად, რომ მოდიოდნენ ძალას ვიკრებდი ჯდომისთვის და მერე საათები ტაქიკარდიას, ამოვარდნებს ვებრძოდი.
ექიმმა გამაფრთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს და ვარკვევდი დიალიზით ცხოვრების სცენარებს. კოორდინაცია ირღვევა, პერიოდული დერეალიზაცია, ღებინება, აღქმის შენელება – ეს მხოლოდ ნაწილია და არასამედიცინო შეგრძნებების დონეზე ახსნილი უბრალოდ.
მე უამრავი მეგობარი და ექიმი მყავდა გარშემო. ასევე ტვ-ში ვჩანდი. მზია არის შეურაცხყოფილი, ჩაკეტილი და სამედიცინო შეფასების გარეშე.
ჩემთვის რომ გეკითხათ, მხნედ ვიყავი მეც, მართლა ასე ვგრძნობდი თავს. მოეშვით მარჩიელობას, სასწრაფოდ გამოუშვით!
ბოდიშს ვიხდი ჩემი ჯანმრთელობის დეტალებზე საუბრისთვის, მაგრამ რადგან ხილული არაა მზიას შიმშილობა, ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ძალიან საშიში ზღვარია ეს დღეები უკვე“ — წერს ელენე ხოშტარია.