თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება.
მერიის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება.
ცნობისთვის თბილისის ავტობუსებში დილიდან საპროტესტო ხმები ისმის.
ავტოტრანსპორტში საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი, “ოცნების” წევრების მიერ პარლამენტში გაკეთებული უხამსი განცხადებები და სხვა საპრიტესტო ხმები ისმის.
სავარაუდოდ, ამ ხმებს ავტოტრანსპორტში დამონტაჟებული საბარათე აპარატები გამოსცემენ.