იტალიაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს

ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობის და დამზადების ფაქტზე იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დაკავებულები ყალბი პირადობებით ამზადებდნენ შემოსავლების სამსახურში ფისკალურ კოდს, შემდეგ კი სხვა რეგიონებში გადადიოდნენ სამუშაოდ.

მომვლელებად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების თაღლითურ სქემაზე ინფორმაციას უდინეს პროკურატურა ავრცელებს. მიმდინარე საქმის ფარგლებში გამოძიება სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვის და საქართველოს კიდევ 17 მოქალაქით არის დაინტერესებული.

სახელმწიფო პოლიციამ, უდინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა.

უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებს შეატყობინეს, რომ ქართველი ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობა საგადასახადო კოდის მოსაპოვებლად თავს ევროკავშირის მოქალაქეებად წარადგენდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირადობის მოწმობებით (სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვის).

ამგვარად, მათ შეეძლოთ მუშაობის უფლების მიღება და ასევე ესარგებლათ იმ იურიდიული, საგადასახადო და ჯანმრთელობის შეღავათებით, რითაც ევროკავშირის მოქალაქეები სარგებლობენ. შემდეგ ისინი სხვა პროვინციებში გადადიოდნენ, სადაც სამუშაოებს უფრო ადვილად პოულობდნენ.

გამოძიება ვარაუდობს, რომ მოქმედებს რამდენიმე კარგად ორგანიზებული ორგანიზაცია, რომლებიც ყალბ დოკუმენტებს დაახლოებით 600 ევროს სანაცვლოდ ამზადებს. გამოძიება ისევ გრძელდება.

რაც შეეხება უკვე დაკავებულ ქალებს, თუ საემიგრაციო სამსახური გადამოწმების შემდეგ დაადგენს, რომ დაკავებულები იტალიაში კანონიერი ცხოვრების უფლებას არ ფლობენ, მათ ქვეყნიდან დეპორტაცია ელით.