პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები – დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო.
მისი განმარტებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დარჩენის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები სახეზეა.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას შუამდგომლობდა. როგორც პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი განმარტავდა, საქმეზე რამე ახალი გარემოება გამოკვეთილი არ არის, რაც აღკვეთის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, პროკურორი აცხადებდა, რომ გასათვალისწინებელი იყო დანაშაულის ხასიათი, ადგილი, დრო და ვითარება.
დაცვის მხარე ამ პოზიციას არ დაეთანხმა. მათ დაკავებულების 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს. თუმცა, დააფიქსირეს პოზიცია, რომ თუ სასამართლო მეტს გადაწყვეტდა, ისინი თანახმა იქნებოდნენ.
ასევე, ადვოკატებმა სასამართლოს დამატებითი ამკრძალავი ღონისძიებების გამოყენებაც შესთავაზეს.
ამასთან, პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
ასევე, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები დაკავებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.
სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა დავით ლომიძე. მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმი და განცხადება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც ის პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებდა.
ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ლომიძის თანამესაკნისგან, რომელმაც ციხე შეწყალების საფუძველზე დატოვა, მას აქვს ინფორმაცია, რომ ლომიძეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, კერძოდ კი, ხერხემალი და ფეხი სტკიოდა.
ცნობისთვის, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 დეკემბერს დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.