აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და კიდევ 42 პოლიტიკოსი ყველა “თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას” ერთობლივი წერილით მიმართავს და მოუწოდებს, “უარყონ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში”.
ამასთან, წერილში მოწოდებაა “დემოკრატიული მთავრობებისადმი” – არ გამართონ მაღალი დონის შეხვედრები არალეგიტიმურ რეჟიმთან, სანამ ისინი არ დათანხმდებიან ახალ არჩევნებს. წერილში საუბარია ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციებზეც.
“ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი პოლიტიკოსები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ გატარდეს ერთიანი პოლიტიკა, არ ჩატარდეს მაღალი დონის შეხვედრები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და არალეგიტიმურ რეჟიმს შორის იქამდე, სანამ რეჟიმი არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგის ქვეშ არჩევნების ჩატარებას. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ დასანქცირდეს ივანიშვილის რეჟიმი და ქართული ოცნების ოფიციალური პირები, ასევე პროპაგანდისტები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას ძირს უთხრიან.
ივანიშვილის პარტიამ აირჩია დააიგნოროს ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთება ბოლო არჩევნებისა და ახალი პრეზიდენტის ცალმხრივად არჩევის შესახებ. მათ ასიათასობით მომიტინგეს საპროტესტო აქციების დროს სისასტიკით უპასუხეს. ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა დავდგეთ მათ გვერდით.” – წერია წერილში.
ერთობლივ განცხადებას ხელ აწერენ: ჯო უილსონი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე), სტივ კოენი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ერთ-ერთი ლდიერი), რიჩარდ ჰადსონი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი), მარკ უიზი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი), მიჰალ შჩერბა (ევროპარლამენტარი), ირმა კალნინა (ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ეერიკ-ნიილეს კროსი (ესტონეთის პარლამენტის წევრი, PACE-ში ALDE-ის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი), მიხაილ როთი (გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ტომ ტუგენჰატი (დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი), მარკო მიჰკელსონი (ესტონეთის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), რადოსლავ ფოგელი (პოლონეთის სეიმის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), გუსტაფ გოთბერგი (შვედეთის პარლამენტის წევრი), ურმას რეინსალუ (ესტონეთის პარლამენტის წევრი) და სხვები.