აშშ-ში American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 64 ადამიანი იმყოფებოდა, სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა

ვაშინგტონში, რონალდ რეიგანის ეროვნული აეროპორტის მახლობლად, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა.

ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. გადარჩენილებს მყვინთავები წყალში ეძებენ.

შეჯახება ვაშინგტონის რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს მოხდა, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს მიუახლოვდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.

მდინარე პოტომაკში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

American Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა და ის რეისს ვიჩიტადან, კანზასიდან ასრულებდა.

რონალდ რეიგანის ეროვნულ აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, მათ მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.