ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს, 29 იანვარს, რეზოლუცია მიიღო, რომელიც “ქართული ოცნებისგან” ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.
134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
ასამბელის გადაწყვეტილებით, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება.
დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთოხვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩვნების გამოცხადება“.
ასამბელეის წევრები უფლებას იტოვებენ, აპრილში კიდევ ერთხელ გაასაჩივრონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, თუ რეზოლუციაში მოცემული პირობები არ შესრულდება.
“დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და გაუმართაობები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელშემწყობი იქნება ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნებისთვის, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა გამოცხადდეს.” – წერია რეზოლუციაში.
ტექსტში შეტანილი პირველი შესწორება ასევე ითხოვს, რომ “მოხდეს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობების ქვეშ ჩატარდება”.
ამას გარდა, რეზოლუცია ითხოვს, რომ “ქართულმა ოცნებამ” პოლიტპატიმრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიამდე გაათავისუფლოს.
რეზოლუციის მიხედვით ოცნების დელეგატებს აღარ ექნებათ:
- პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის, მონიტორინგის, სამართლებრივი საქმეებისა და ადამიანის უფლებების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის, პროცედურული კანონების, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტების სრული ან მოადგილეობრივი წევრობის უფლება;
- არჩევნების დამკვირვებელი კომიტეტების წევრობის უფლება; მომხსენებლად დანიშვნის უფლება;
- ასამბლეის საპრეზიდენტო ოფისის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან ვიცე თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენის უფლება;
- უფლება წარმოადგინონ ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით და უფლება წარმოადგინოს ასამბლეა პერიოდულად ევროპის საბჭოს ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ თუ აღწერილი პრობლემები მოგვარდება, შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი იქნება.
რეზოლუციაში შეტანილი მეხუთე შესწორების მიხედვით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოცნებას მოუწოდებს, “მყისიერი და ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა საშუალება მისცეს საქართველოს, გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც თანხვედრაშია ხალხის ევროპულ მისწრაფებებთან, და მოუწოდებს, გადაწყვეტით დააჩქაროს საჭირო რეფორმები”.
ასევე, რეზოლუციის ტექსტი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც აღნიშნული იქნება საქართველოსთან დაკავშირებულ სასწრაფო მოსაზრებაში. ამ მოსაზრების შემუშავება კომისიას ასამბლეის პრეზიდენტმა სთხოვა.
ცნობისთვის, ასამბლეამ “ქართული ოცნების” დელეგატების მიერ წარდგენილი სამივე შესწორება უარყო.