თავდასხმა გიორგი გახარიაზე – ექიმის ცნობით, ექსპრემიერს ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს

პარტი “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება.

როგორც მედიკოსი ამბობს, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილურია და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.

ინფორმაცია, რომ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს,  სოციალურ ქსელში გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.

ასევე ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ დიმიტრი სამხარაძემ და სხვა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.