სალომე ზურაბიშვილი – აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება.

 

„45-ე დღე – დემონსტრაციები დიდ ქალაქებში და რეპრესიები: დაპატიმრებები და წამება, „ტიტუშკები“ და სამედიცინო დახმარების მიღების უფლების ჩამორთმევა.

აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.

 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, დაკავებული აქციის მონაწილეები პატიმრობაში ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე რჩებიან და მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ.

 

„საპროტესტო აქციების მონაწილე ყველა დაკავებული სასამართლოს ბოლო დღეების გადაწყვეტილებით ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება პატიმრობაში. მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ!“, – წერს ზურაბიშვილი.

 

სალომე ზურაბიშვილი ასევე „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელის დაკავებას ტერორად აფასებს.

 

„ტერორი საქართველოში. ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება. ერთ ღამეში ორჯერ!“, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.