სალომე ზურაბიშვილი – ახალი ოფისი არის ორბელიანების სასახლის გაგრძელება და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია ამ ქვეყანაში/ზურაბიშვილმა ახალ ოფისში ჟურნალისტებს უმასპინძლა

კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი, სასამართლო აღარ არსებობს, გვყავს დე ფაქტო ხელისუფლება  – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, დღეს მედიას ახალ ოფისში უმასპინძლა.

“მე მინდა დღეს თქვენ ახალ ოფისში მიგიღოთ, რომელიც არის გაგრძელება ორბელიანების სასახლეში. შეიძლება, არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია ამ ქვეყანაში, რომელიც დღეს იმყოფება ძალიან ღრმა კრიზისში.

ჩვენ ვიწყებთ 2025 წელს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც საქართველოს ბევრი წლებია არ ჰქონია, სადაც პრაქტიკულად ჩვენი სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ შენდებოდა, დღეს პრაქტიკულად დაშლის პირას არის, რამეთუ ყველა მისი ინსტიტუტი და კონსტიტუცია აღარ არსებობს. ფეხქვეშ გათელილია ეს კონსტიტუცია. სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ადამიანის უფლებები…

ისინი, ვინც არიან დღეს სათავეში, არაფრად თვლიან არც კონსტიტუციას, არც ადამიანის უფლებებს და არც ხალხის ნებას, რომელიც, პრაქტიკულად, ყოველ დღე გამოხატულია.

ასევე, ჩვენ აღარ გვაქვს სასამართლო. დიდი ხანია ჩვენი სასამართლო არ წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სასამართლო დემოკრატიულ ქვეყანაში და მიდიოდა სხვადასხვა ტიპის მცდელობები ამ სასამართლო სისტემის რეფორმირების. დღეს ეს უკვე აღარ არის დღის წესრიგში, არათუ რეფორმა, სასამართლო აღარ არსებობს. ეს დავინახეთ არჩევნების დროს, როდესაც ერთის გარდა, არცერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის პოზიციები. სასამართლოს ყველა დონე ხალხისგან წართმეულია და ამ ქვეყანაში სამართლიანობა ვერ მოიპოვება, რაც არის დემოკრატიული სისტემისთვის, პრაქტიკულად, მისი დაშლა”- თქვა ზურაბიშვილმა.