საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაიშალა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის სხდომა, სადაც უნდა გარკვეულიყო, დატოვებდა თუ არა მათ მოსამართლე ე.წ. წინასწარ პატიმრობაში.

სასამართლო დარბაზი ვერ იტევდა დასწრების მსურველებს. დარბაზი გადაჭედილი იყო, გარეთ ადამიანები მოითხოვდნენ სხდომაზე დასწრების უფლებას და უფრო დიდ დარბაზში სხდომის გადატანას, ხოლო ერთი დაკავებული, 19 წლის სტუდენტი, ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა ჩახუთული ჰაერის გამო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფი გამოიძახეს.

​საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სხდომა ადვოკატების გარეშე ვერ გაგრძელდება. ამას კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლეს შეუძლია სხდომა გააგრძელოს ისე, რომ ბრალდებულებს არა მათ მიერ არჩეული, არამედ სახელმწიფო ადვოკატები დაუნიშნოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილე 8 ადამიანის სასამართლო პროცესი.

საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს, ხოლო პროკურორები ვაჟა თოდუა და გიორგი მუკბანიანი არიან. სასამართლო იხილავს შემდეგ დაკავებულების საქმეებს:

თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე და ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.