საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა, – ამის შესახებ გამოცემა Cybernews-ი ავრცელებს.
Cybernews-ის ცნობით საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ბაზა Cloud-ზე გამოჩნდა, შემდეგ კი მოულოდნელად გაქრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მონაცემების გაჟონის შესახებ კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა ბობ დიაჩენკომ და Cybernews-ის გუნდმა აღმოაჩინეს. მათი ცნობით, ბაზა ინახებოდა ერთ-ერთ მონაცემების შემნახველ გერმანულ სერვერზე.
პერსონალური ინფორმაცია შეიცავდა შემდეგ მონაცემებს:
პირადი ნომერი
სახელი და გვარი
დაბადების თარიღი
სქესი
ტელეფონის ნომერი მფლობელის აღწერილობით და სხვა.
„როგორც ჩანს, ეს მონაცემები შეგროვებულია სხვადასხვა წყაროდან, პოტენციურად სამთავრობო ან კომერციული მონაცემთა ბაზებიდან”, – აცხადებს დიაჩენკო.
როგორც გამოცემა Cybernews წერს, აღმოჩენიდან მალევე სერვერი, სადაც ეს მონაცემები იყო, გაითიშა და წვდომა მათზე დაიხურა, თუმცა პოტენციური კიბერრისკები მილიონობით ადამიანის მიმართ რჩება.