„თავდაუზოგავად იმუშავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, ამ დღეების განმავლობაში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა საჭიროებაზე“, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოზურგეთში განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მდგომარეობა რთულია, თუმცა მობილიზებულია ყველა რესურსი და მოქალაქეების ყველა საჭიროებაზე იქნება რეაგირება.
„გვაქვს საქმე სტიქიასთან, რა თქმა უნდა, რთული მდგომარეობაა, მაგრამ შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკულად ყველა ის საჭიროება, რომელიც აქვთ მოქალაქეებს, იქნება დაკმაყოფილებული. ეს არ არის მარტივი ამოცანა, ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი, ყველა მიმართულებით. ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამართულ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ. სადაც იქნება საჭიროება, ყველგან იქნება ხელმისაწვდომი ყველა ის რესურსი, რომელიც სჭირდებათ მოქალაქეებს,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გუშინ გურიის რეგიონში ჩავიდა და საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრა გამართა. პრემიერის განცხადებით, სტიქიასთან საბრძოლველად სრულად იქნება კოორდინირებული და მობილიზებული ყველა უწყება.