აღმაშენებლის ხეივნიდან საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოსკენ ინაცვლებს. აქციის მონაწილეები მსვლელობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით გადაადგილდებიან. მანამდე კი, მოვლენათა ეპიცენტრი თბილისის გასასვლელი იყო, სადაც დემონსტრანტები საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის გადასაკეტად შეიკრიბნენ. ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე იყო დაპირისპირება. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეთა ნაწილს ჰქონდათ მცდელობა, სრულად გადაეკეტათ მაგისტრალი, რის შესაძლებლობაც მათ პოლიციამ არ მისცა.
სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდეს. მათ შორის არიან ნიკა მელია, გიგი უგულავა, თენგო თევზაძე და გიორგი კირთაძე.
აქციის დაანონსების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება, სადაც განმარტავდნენ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალი წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის ბლოკირებაც ითვალისწინებს პატიმრობას.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ხელახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება, მათ შორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, რომელიც 22-ე დღეა შიმშილობს. ის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული