ეგეოსის ზღვაში, კუნძულ სანტორინთან უწყვეტი სეიმური აქტივობის გამო, თურქეთში ცუნამის მოლოდინში არიან და სპეციალური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს.
“რეგიონში აქტივობის შედეგად, რომელმაც “სეისმური შტორმის” ფორმა მიიღო, 2025 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, 3 ბალზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრების რაოდენობამ 761-ს მიაღწია. მიწისძვრები ძლიერდება კუნძულ სანტორინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 25 კმ-ზე და მათი სიღრმე 5-დან 25 კმ-მდე მერყეობს. ჩვენი ქვეყნის სანაპიროებთან ყველაზე ახლოს, მიწისძვრა 140 კმ-ის მანძილზე მოხდა”, – ნათქვამია ანგარიშში.
ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიწისძვრები კონცენტრირებულია “კოლომბოს” ვულკანის მიდამოში, რომელსაც წყალქვეშა კრატერი აქვს. აღნიშნული კრატერი კუნძულ სანტორინის ჩრდილო-აღმოსავლეთით 6,5 კმ-ში სამხრეთ ეგეოსის ვულკანური კუნძულის რკალში მდებარეობს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის სააგენტოს განმარტებით, რეგიონში მიმდინარე სეისმურმა აქტივობამ შეიძლება ვულკანური აქტივობაც გამოიწვიოს.
მობილური განგაშის სისტემები განათავსა იზმირის, აიდინის და მუგლას პროვინციებში, რათა საფრთხის შემთხვევაში მოსახლეობის მყისიერი გაფრთხილება მოხდეს. გარდა ამისა, რეგიონში საგანგებო რეჟიმში მუშაობს თურქეთის ყველა შესაბამისი უწყება. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საბერძნეთის შესაბამის უწყებებთან.