ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა უკრაინის ხელისუფლებას ტონის შერბილებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უოლცის თქმით, თეთრ სახლში იმედგაცრუებაა იმის გამო, რომ უკრაინულმა მხარემ უარყო „ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობა, ჰყავდეს აშშ, როგორც თანაინვესტორი უკრაინის ეკონომიკაში, მის რესურსებში და რეალურ პარტნიორად უკრაინის მომავალში“.
„იმის გათვალისწინებით, თუ რა გააკეთა ამერიკამ უკრაინისთვის, მათ ტონი უნდა შეარბილონ, ყურადღებით დააკვირდნენ და ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას. პრეზიდენტმა ასევე თქვა, თუ როგორ უყვარს უკრაინელი ხალხი და ის იყო პირველი, ვინც მათ იარაღი გადასცა პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში“, – აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.
„ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ უკრაინის უსაფრთხოებისთვის და ის, რომ გვინდა ჩვენი დახმარების ხასიათი შევცვალოთ, ვერავის შეურაცხყოფს. პრეზიდენტი მზად არის, ეს ომი დასრულებისკენ წაიყვანოს“, – დასძინა მან.