ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნების განვითარებაში.
“საქართველო, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, სტრატეგიულ პოზიციას ფლობს და გლობალურ გზაჯვარედინად გვევლინება. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკვანძო როლი აქვს მსოფლიოს ძირითადი რეგიონების დაკავშირებაში. ეს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის. ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში: 6 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალდაბანდება განხორციელდება EMAAR Group and Eagle Hills-ის მიერ.
ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა განიცადა 9.7%-იანი საშუალო მაჩვენებლით. წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქონლის ექსპორტსა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა დაკავშირებადობის მნიშვნელობას, რაც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, გახდეს ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით.
მსოფლიო მთავრობათა სამიტს არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს. ღონისძიების მთავარი თემაა „მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება“ და მას 6 ათასზე მეტი დელეგატი ესწრება. სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს.