მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

„ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ, საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, რომ ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის.

„ქართველებმა, ზუსტად ვიცით, რა პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა გვევალება, რას უნდა მოვუფრთხილდეთ და როგორი საქართველო ავაშენოთ, საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთად დგას ქვეყნის სადარაჯოზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება, ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა და სურთ თუ არა საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მათ მოუწევთ პატივი სცენ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს.