პოლიტიკური იზოლაცია, რაც ქვეყანას შეეხო და რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია, გადავიდა ეკონომიკურ იზოლაციაში, რომელსაც შეიძლება უფრო ღრმა კრიზისი მოჰყვეს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან. მივიღე მათი ანალიზი იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც დღეს სუფევს ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური იზოლაცია, რაც ქვეყანას შეეხო და რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია, გადავიდა ეკონომიკურ იზოლაციაში, რომელსაც შეიძლება უფრო ღრმა კრიზისი მოჰყვეს. ძალიან ძნელი სათქმელია, დღეს, ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ეს არის გამოწვევა მთლიანად ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, რომელსაც ჩვენ თვალებში უნდა შევხედოთ. ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები, როგორ დავხვდეთ კრიზისს, თუ მართლა გაღრმავდა. ეს არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ეს კრიზისი მოჰყვება პირდაპირ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ქვეყნის ჩაკეტვას და არა ოპოზიციას თუ ქუჩის პროტესტს, რისი პროპაგანდის მცდელობაც იქნება.
უნდა მოვნახოთ გზები, რა უნდა გაკეთდეს დღეს. იყო საუბარი ფონდის შექმნაზე, რომელიც იქნება უფრო ვრცელი, ვიდრე აქამდე რაც იყო. დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი იარაღი ხალხის წინააღმდეგ არის უაზრო ჯარიმები და მას უნდა დავუპირისპიროთ სოლიდარობა. ამაზე არის მსჯელობა და უთუოდ მალე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. მეორეს მხრივ, ასევე, უნდა ვიფიქროთ ცოტა უფრო შორს, რა უნდა გაკეთდეს, როგორც კი დაინიშნება ახალი არჩევნები და მოვა ახალი ხელისუფლება, რა იქნება მთავარი გამოწვევა და რა უნდა იყოს მთავარი და პირველი პასუხი, რომ ეს ქვეყანა არ ჩაიძიროს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. მე არ ვიცი, ვინ ჩანიშნავს და როგორ ჩაინიშნება, მაგრამ მე რომ მჯერა ახალი არჩევნების, ამაში ორი აზრი არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ასევე რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებს შეხვდა.
მისი თქმით, არჩევნების ჩატარებისა და ახალი ხელისუფლების პირობებში ტყვეებს გარკვეული შეღავათები უნდა დაუწესდეთ.
“ამ ადამიანებს, ამ მებრძოლებს დავპირდეთ, რომ როგორც კი ჩატარდება არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება, მათ დაუწესდეთ შეღავათები. ხდება ბევრ ქვეყანაში, ომების ვეტერანებისთვის, ეს არის ჩვენი დღევანდელი ომი, ქართლი ოცნება, რომელიც გვპირდებოდა მშვიდობას, გამოუცხადა ომი თავის მოსახლეობას და ვართ ომში და ესენი არიან ჩვენი ხვალინდელი ვეტერანები, ახალგაზრდა ვეტერანები, მაგრამ უნდა მივხედოთ მათ და მართლაც დავუწესოთ ვის სტიპენდია, ვის შემდეგ მივცეთ პრიორიტეტი, როცა ლაპარაკი იქნება საჯარო სამსახურში შესვლასა თუ დაბრუნებაზე, მერე შეიძლება ვიფიქროთ, რა ტიპის შეღავათები იქნება ეს”, – თქვა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.