სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა

სამედიცინო ექსპერტის, ქეთევან გედენაშვილის განცხადებით, რომელმაც 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა.

ექსპერტი, რომელიც ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმეზე ჩვენებას აძლევს, აცხადებს, რომ კესარია აბრამიძეს სხეულის სხვადასხვა ადგილას 28 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა და მწვავე სისხლნაკლებობა აღენიშნებოდა.

გედენაშვილის განმარტებით, კონკრეტული ჭრილობები სასიკვდილო იყო, თუმცა სხვა ჭრილობებმაც განაპირობა სისხლნაკლებობა.

სამედიცინო ექსპერტის თქმით, ჭრილობები მკვრივი ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.

ექსპერტის თქმით, კესარია აბრამიძისთვის მიყენებული დაზიანებებიდან 4 მძიმე ხარისხის იყო, თუმცა სხვა ჭრილობებმაც განაპირობა სისხლნაკლებობა, რაც საერთო ჯამში, გარდაცვალების მიზეზი გახდა.

გასულ სხდომაზე ბრალდების მხარემ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა. სწორედ აღნიშნული დასკვნის ავტორი დაიკითხა სასამართლოში.

სხდომას ბრალდებული ბექა ჯაიანი არ ესწრებოდა.

პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ კიდევ ერთი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. როგორც პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ განაცხადა, სამედიცინო ექსპერტიზა იყო დანიშნული თავად ბრალდებულ ჯაიანის მიმართაც, მას ხელზე დაზიანება ჰქონდა. აღნიშნული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაერთო. შემდეგ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.

დღევანდელ სხდომაზე, ასევე, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და ძალაში დარჩა.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.