შსს-ს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტვ პირველის” ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

ამასთან, “ტვ პირველის” იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, “ოპერატორის დაკავებასთან და ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე ინფორმაცია აქვს სახალხო დამცველის აპარატსაც და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც”. ადვოკატის ცნობით, ჯიოშვილის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.

მანამდე, “ტვ პირველის” ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა. მელაძის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი “სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს”, მაშინ, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.

სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ სვამენ ერთ პირს მანქანაში და ისმის ხმა: “ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი”.