ჩვენ შემჭიდროებულ ვადებში აქტიურად ვიმუშავეთ არა ერთ უწყებასთან იმისათვის, რომ ადამიანებს მალე შესძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება – არავინ გაბედოს და არ ცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება! – ასე ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილი მის მიერ 613 მსჯავრდადებულის შეწყალების ფაქტს.
როგორც ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, ჰუმანური აქტი კარგია, თუმცა „მაქსიმალურად ორიენტირებულები უნდა ვიყოთ დანაშაულის პრევენციაზე“.
“მსურს, რამდენიმე სიტყვით ცოტა ხნის წინ ჩემ მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტს შევეხო. ჩემთვის გარკვეული ჯგუფების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი გაუგებარია. არ მესმის, როგორ შეიძლება, არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებსა და მეგობრებს დაუბრუნდნენ. ჩვენ შემჭიდროვებულ ვადებში არაერთ უწყებასთან ვიმუშავეთ აქტიურად იმისთვის, რომ ადამიანებს საკუთარ ოჯახებში დაბრუნება მალე შეძლებოდათ…
ჩვენი მთავარი პრინციპი, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ, იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის. ამ საკითხს მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. არავინ გაბედოს და პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება არ სცადოს”,-განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილის საპარლამენტო მიმართვის შემდეგ, მმართველ უმრავლესობას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობით არ უსარგებლია.
საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ყაველაშვილის მოხსენების დასრულებისთანავე დასრულდა.