თბილისი-რუსთავის მაგისტრალი ფონიჭალას აღარ გაივლის-მოდერნიზების პროექტში ცვლილებები შედის

თბილისი-რუსთავის საავტომობილო მაგისტრალის მეორე მონაკვეთის მოდერნიზების პროექტში ცვლილებები შედის.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის ანგარიშიდან ცნობილი ხდება,რომ საპროექტო გზა ფონიჭალას აღარ გაივლის. ხიდით გადავა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რის შემდეგაც კვლავ სახიდე გადასასვლელით გადაკვეთს მდინარე მტკვარს და დაბრუნდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

 

შერჩეული ალტერნატივის ფარგლებში პროექტით გათვალისწინებულია ჯამში 7 ხიდის მოწყობა, მათგან 2 მდინარე მტკვრის კვეთაში ეწყობა. აღნიშნული ხიდების სიგრძე 378 მეტრია.

აღსანიშნავია ისიც, რომ საპროექტო გზის მონაკვეთი 3.65 კმ სიგრძის იქნება. საავტომობილო გზა იქნება 4-ზოლიანი, ხოლო საპროექტო სიჩქარე 80 კმ/სთ. საპროექტო მონაკვეთზე დაგეგმილია ორი ორდონიანი კვანძის მოწყობა:

 

საპროექტო გზის კმ 6+610-სა და კმ 6+970-ს შორის;

საპროექტო გზის კმ 8+280-სა და კმ 8+370-ს შორის;

ორივე ადგილას მთავარი გზა გაივლის ზემოდან.

 

კერძოდ, დოკუმენტების მიხედვით, ალტერნატიული გზა ფონიჭალასთან არსებული რკინიგზის ხიდის მახლობლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაიწყება და გადავა ე.წ ქვემო ფონიჭალის დასახლების აღმოსავლეთ მხარეს.

პირველი სახიდე გადასასვლელით საპროექტო ტრასა მდ. მტკვრის კალაპოტს გადაკვეთს და კმ 5-340-დან მეორე სანაპიროზე გადავა. ამ მონაკვეთიდან კმ 7+030-მდე გზა მტკვრის მარცხენა სანაპიროს გაუყვება.

 

„კმ 5+400 -დან კმ 5+860 მონაკვეთში საპროექტო ტრასა განლაგებულია მდ. მტკვრის მარცხენა ტერასაზე. კმ 5+710-თან საპროექტო საავტომობილო გზა კვეთს მდ. მტკვრის მარცხენა გვერდითი შენაკადის ხევს, სადაც იგეგმება მეორე სახიდე გადასასვლელის მოწყობა.

 

მდინარის მარცხენა სანაპიროზე გარდაბნის გზატკეცილთან დამაკავშირებელი კვანძის (IC1) შემდეგ, კმ 7+030-დან კმ 7+140-მდე მესამე სახიდე გადასასვლელით საპროექტო ტრასა კვეთს მდინარე მტკვრის კალაპოტს, ამ მონაკვეთში მდინარე მტკვარი ორად იტოტება და შუაში წარმოქმნილია ე.წ „კუნძული“, – ვკითხულობთ დოკუმენტებში.

ასევე კმ 7+140-დან ტრასის ბოლომდე საპროექტო გზა კვლავ მარჯვენა ნაპირზე გადმოვა.

 

„გადის საწარმოო, მცირე მონაკვეთზე – დასახლებულ ზონას. კმ 7+370-დან კმ 7+640-მდე საპროექტო ტრასა განლაგებულია საავტომობილო გზისთვის მოწყობილ ყრილზე“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

 

ასევე ანგარიშიდან ცნობილი ხდება,რომ თბილისი-რუსთავის გზის აღნიშნული მონაკვეთის ბოლოს მცირე ზომის ოვალური კვანძი მოეწყობა.

 

შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტი თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის ნაწილია. საპროექტო მონაკვეთი რამდენიმე ლოტად არის დაყოფილი. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული ფონიჭალა-რუსთავის პროექტი გზის მეორე მონაკვეთია.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13.5 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი 2018 წლიდან სარგებლობს.

 

ამასთანავე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გასული წლის ივნისში გამოაცხადა. საუბარია 3 კილომეტრიან გზაზე, რომელიც ფონიჭალას გაივლიდა. ხელშეკრულება შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალთან“ არის გაფორმებული. კომპანია სამუშაოს 3 165 000 ლარად ასრულებს. ხელშეკრულების ვადა 2028 წლის ბოლომდეა.