საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი პაატა სალია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პაატა სალია არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ქვეყანაში.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ანრი ოხანაშვილს გაწეული სამუშაოსთვის და მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„პაატა სალია არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი საქართველოში. ის წლების განმავლობაში აწარმოებდა ძალიან წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ჩვენს ქვეყანაში. ბოლო თვეების განმავლობაში ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის, საქართველოს პარლამენტის წევრი და ახლა უკვე იკავებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე უწყებას ჩვენს ქვეყანაში. ის არის არა მხოლოდ ძალიან კარგი პროფესიონალი, არამედ კეთილსინდისიერი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი იუსტიციის მინისტრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის პაატა სალიამ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მზად არის, ღირსეულად ემსახუროს ქვეყანას იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე.