„მთავარი არხის“ მაუწყებლობა 1 მაისიდან სრულად შეწყდება

 

სოციალურ ქსელებში არხის თანამშრომლების ინფორმაციით,

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ საბოლოოდ წყვეტს მაუწყებლობას და ახალი არხის შექმნის მცდელობაც ჩაიშალა.

თანამშრომლებს უკვე ოფიციალურად განუცხადეს:

„მთავარი არხის“ მაუწყებლობა 1 მაისიდან სრულად შეწყდება,

არხის პროფესიონალ გუნდს, რომელიც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და მედიასივრცეში აქტიური მონაწილეობით გამოირჩეოდა, დროებით უმუშევრად დარჩენა მოუწევს.

მაუწყებლობა შეჩერდა 15 თებერვლის დილიდან, თუმცა ფეისბუქის გვერდი და ვებგვერდი ამ დრომდე ფუნქციონირებდა.

არხის ინფორმაციით, მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზი გახდა თანადამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილის მიერ შექმნილი ფინანსური კრიზისი.

2024 წლის იანვარში „მთავარმა არხმა“ ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, სადაც ოქუაშვილი დაადანაშაულა იმაში, რომ იგი „გეგმაზომიერად მიყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას“ და „მთავარი არხის“ დახურვის პროცესს ეტაპობრივად ახორციელებს.

იანვრის ბოლოს არხის მაუწყებლობა შეწყდა რეგიონებისა და საზღვარგარეთის სატელიტური მომხმარებლებისთვის.

არხის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ 11 დეკემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება — დახუროს ‘მთავარი არხი’“.

ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საერთაშორისო დავას აწარმოებს,

და გაბუნიას ბრალდებებს „კომიკურ და ლოგიკას მოკლებულ“ უწოდა.

მისი თქმით, სურს, რომ „მთავარი არხი“ შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა იმ მენეჯმენტით, რომელიც არ ეცდება არხის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას.

ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაარსდა 2019 წლის 9 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამია გათავისუფლდა „რუსთავი 2“-დან.

მისი დამფუძნებლები იყვნენ ნიკა გვარამია და კახაბერ ანჯაფარიძე.

2020 წლის მაისში არხის წილის 40% გადაეცა ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.

მოგვიანებით, 2024 წლის თებერვალში, ნიკა გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და გათიშა არხის მართვაში მონაწილეობა.

არხის ახალ გენერალურ დირექტორად დაინიშნა გიორგი გაბუნია.

2024 წლის მარტში ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი”.