უკრაინა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ ტერორისტებთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

უკრაინა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ ტერორისტებთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან, სირილ რამაფოსასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტა უნდა იყოს.

„ეს ნომერ პირველი ნაბიჯია. როცა კომპრომისებზე ვსაუბრობთ, მიმაჩნია, რომ თავს ჩვენ დაგვესხნენ, ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს, ათიათასობით ადამიანი მოკლეს, ბევრი ბავშვი და ზრდასრული ადამიანი ცოცხლად დამარხეს. ამდენად, ის ფაქტი, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ტერორისტებთან, რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს, დიდ კომპრომისს წარმოადგენს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველა სამშვიდობო ინიციატივა ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტით უნდა დაიწყოს.