დააკავეს პირი, რომელიც თბილისის ზღვასთან მდებარე 3 800 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამ მიწის ნაკვეთს, საერთო მოცულობით 3 800 კვ.მ, რომლის საბაზრო ღირებულებაც 250 000 ლარს აღემატება.

“დამატებით გრძელდება ღონისძიებები სხვა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლისა და დამნაშავე პირთა დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.