საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული 50 000 ლარის ოდენობით გირაოს არ გადახდა ნიკა მელიას მხრიდან მოხდა მიზანმიმართულად.

თვითონ ნიკა მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რადგანაც გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, ამის შემდგომ კი ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.