როგორ ვრცელდება წითელა და რა უნდა ვიცოდეთ მის სიმპტომებზე

წითელას გაგონებაზე, ალბათ, ყველას გამონაყარი გვახსენდება, რომელიც მისი
ყველაზე სახასიათო სიმპტომია. ამის მიუხედავად, ინფექციაზე სხვა
ფიზიოლოგიური ცვლილებებიც მიანიშნებს, რომლებიც ავადობის პირველ
ეტაპზე იჩენს თავს.

სანამ მათზე და გამონაყარის თავისებურებებზე გესაუბრებით, ჯერ თავად
წითელას გაგაცნობთ. ესაა მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელიც ყველაზე
მეტად ბავშვებშია გავრცელებული. მას არა ბაქტერიები ან სხვა მიკრობები,
არამედ კონკრეტული ვირუსი იწვევს, რომელსაც სამეცნიერო ენაზე Morbillivirus
hominis ეწოდება. უფრო ფართოდ მისი სხვა, უფრო მარტივი, დასახელება
გამოიყენება — წითელას ვირუსი.

წითელას ვირუსი მიკროსკოპული ნაწილაკია, რომელსაც პათოგენური
თვისებები გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ როცა იგი ჩვენს ორგანიზმში ხვდება,
საკუთარ თავს სხვადასხვა სიმპტომის სახით ავლენს. იმუნური სისტემა მას
აფიქსირებს და უტევს, მაგრამ თუ ადამიანი აცრილი არაა ან წითელა უკვე
გადატანილი არ აქვს, ბრძოლა უშედეგოა.

დაიმახსოვრეთ: ინფექციასთან შესაწინააღმდეგებლად ანტისხეულებია საჭირო,
რომელთა ერთადერთი მიზანიც ვირუსის დამარცხებაა. სწორედ ანტისხეულების
წარმოსაქმნელადაა აუცილებელი ვაქცინაცია, რომელიც წითელას პრევენციის
საშუალებას გვაძლევს.

როგორ ვრცელდება წითელა

წითელას ვირუსი მარტივად ვრცელდება, ანუ მომდევნო “მსხვერპლის”
დაინფიცირება არ უჭირს. ამისთვის იგი საკმაოდ ეფექტიან გზას მიმართავს,
კერძოდ კი ადამიანიდან ადამიანს ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა.
პროცესი ასეთია — როცა წითელას მქონე პაციენტი ჩვენთან ახლო მანძილზეა და
საუბრობს, აცემინებს ან ახველებს, მისი ცხვირიდან და პირიდან ჰაერში ვირუსის პაწაწინა ნაწილაკები იფრქვევა. ისინი შემდეგ ჩვენს სახესთან ხვდება და
ნესტოებიდან ან პირიდან ორგანიზმში აღწევს,

საინტერესო ფაქტი: წითელას ვირუსი ცდილობს, რომ სხეულიდან სხეულში
გადასვლა ხანმოკლე პერიოდში მოახერხოს. ეს იმიტომ, რომ ჰაერში
გაფრქვევიდან მალევე, მასპინძელი ორგანიზმის გარეშე, ის პათოგენურობას
კარგავს, ანუ ისეთი საშიში აღარაა. შესაბამისად, მესამე პირის მიერ ინფექციის
გადატანის რისკი ძალიან მცირეა.
თუ ფიქრობთ, რომ გამონაყარი ორგანიზმში წითელას ვირუსის მოხვედრიდან
მალევე ჩნდება, ცდებით. ის საკმაოდ “ჭკვიანია” იმისთვის, რომ თავი ასეთ
ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს, ამიტომ, პირველ რიგში, იმუნურ სისტემას
ემალება და ამ დროს სასუნთქი გზებიდან სხვა ქსოვილებზე გასავრცელებლად
იყენებს.
ეს ინკუბაციური პერიოდია, რომელიც სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს
და, როგორც წესი, დაახლოებით 10-14 დღე გრძელდება. ამის მიუხედავად, არის
შემთხვევები, როცა ვირუსი 20-21 დღის განმავლობაშიც კი ახერხებს დამალვას,
რაც მისი ნაწილაკების რაოდენობაზე, გავრცელების სისწრაფეზე, ადამიანის
ინდივიდუალურ იმუნიტეტსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზეა
დამოკიდებული.

როგორია წითელას სიმპტომები

რა თქმა უნდა, წითელა ჩვენს ორგანიზმში მუდმივად ვერ დაიმალება და ეს მისი
მიზანი არცაა. სწორედ ამიტომ, ინკუბაციის პერიოდის დასრულების შემდეგ იგი
საკუთარ არსებობას გვატყობინებს. ეს საფეხურებრივად მიმდინარეობს, ანუ
სიმპტომები ერთბაშად არ გვატყდება თავს, არამედ ნელ-ნელა.

ადრეული სიმპტომები: პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი მაღალი
ტემპერატურაა. ასევე, 2-3 დღის განმავლობაში პაციენტს აწუხებს მშრალი ხველა,
ცემინება და სურდო, რაც გრიპის სიმპტომებს მოგვაგონებს. ინფიცირებულ
ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, იგივე
კონიუნქტივიტი, და რინიტი. ის, რაც ამ ეტაპზე წითელასთვისაა სახასიათო,
პირის ღრუში ღია შეფერილობის ნადების გაჩენაა, რომელიც გამონაყარამდე 1-2
დღის ადრე ვლინდება. ზოგჯერ მოწითალო ლაქები შეინიშნება სასის
მიმდებარედაც.

გამონაყარი: წითელას გამონაყარი კანიდან ოდნავ ამოწეულია და ერთმანეთს
ერწყმის. ის ლაქოვან-კვანძოვანი სტრუქტურისაა და მოვარდისფრო-მოწითალო
შეფერილობა აქვს.

4-5 დღის განმავლობაში გამონაყარი ჯერ სხეულის ზედა ნაწილში ჩნდება:
შუბლზე, ყურის უკან, ცხვირზე, ლოყებზე. შემდეგ ის ქვემოთ მიიწევს: კისერზე,
გულ-მკერდზე, ზურგზე, მუცელზე, ხელებზე, ფეხებსა და ტერფებზე. როგორც
წესი, თავად გამონაყარი მტკივნეული არაა, თუმცა ზოგჯერ ქავილი ახლავს თან.

გამოჯანმრთელების ფაზა: ეს ეტაპი სიმპტომების გაჩენიდან 7-10 დღეში დგება.
ამ დროს პაციენტის სხეულის ტემპერატურა დაბლა იწევს და მას გრიპის მსგავსი
სიმპტომებიც აღარ აწუხებს. რაც მთავარია, გამონაყარი გაქრობას იწყებს.

საინტერესო ისაა, რომ წითელი კვანძოვანი ლაქები ჯერ ზედა ტანზე
ფერმკრთალდება, ანუ იმ მიმართულებას მიჰყვება, როგორც გაჩნდა. პირველად
ის თავისა და სახის არეში ქრება, შემდეგ ზურგზე, გულ-მკერდზე, მუცელსა და
ხელებზე, ბოლოს კი — ფეხებსა და ტერფებზე. ზოგჯერ ამას თან ახლავს კანის
აქერცვლაც, თუმცა არა ხელისა და ფეხის გულებზე.

ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ ყველაზე გადამდები ადამიანი გამონაყარის
გაჩენამდე 4 დღით ადრე და გაჩენიდან 4 დღის შემდეგ პერიოდშია. ამ დროს
მასთან კონტაქტს უნდა მოვერიდოთ, მაგრამ თავდაცვის საუკეთესო საშუალება
ისევ და ისევ ვაქცინაციაა.