რუსთავში ათწლეულების ეკოლოგიური პროექტი-ჭალის ტყეების აღდგენა- განაშენიანება იწყება

რუსთავის ჰაერის ხარისხის და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღებით დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესი, ახალ ეტაპზე გადადის- საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და რუსთავის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, რუსთავში, ათწლეულების ეკოლოგიური პროექტის განხორციელება იწყება.

ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.

ღონისძიებას, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან ხარაბაძე და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ.

რუსთავის ფილტვებად მიჩნეული ტერიტორიის ფლორის აღდგენა, გარემოს დაცვის ფონდიდან ფინანსდება. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებით განხორციელდება.

ჭალის ტყეების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ, პროექტის – ,,გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს“ ფარგლებში შეიმუშავეს.

ჭალის ტყის განვითარების ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი, 320 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. კვლევის შედეგად გამოვლენილ ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე, 20 000 ნერგი ენდემური მცენარე-მუხა, თელა და ფშატი დაირგვება.

მოეწყობა ფოტოხაფანგები, ტურისტული მარშრუტი და საინფორმაციო სივრცეები, მყარი ნარჩენებისგან წყლის დამცავი ბარიერები.

სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ,,მოქალაქეთა ასამბლეის“ ფარგლებში, რიგითი რუსთაველებიც იყვნენ ჩართულები. მოსახლეობა ჩართული იქნება ტყის განაშენიანების უშუალო პროცესშიც, რისთვისაც რუსთავის მერია, მოხალისეობრივ კამპანია ,,რე ფორესტს“ იწყებს. კამპანიის ფარგლებში, რუსთავის მთავარი ეკოლოგიური რესურსის აღდგენა-განვითარებაში მონაწილეობას, ნებისმიერი რუსთაველი შეძლებს.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ამაღლების მიზნით, რუსთავის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ნაპირზე“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, რუსთავის ბუნებრივი ჭალის ტყის აღდგენა მოხდება, კომპლექსურია და საბოლოოდ, რუსთავის ჭალის ტყის ეკოსისტემის აღდგენას და დაცვას, საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის წარმოებას, რეკრეაციული და ტურისტული ფუნქციის განვითარებას, და ქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

რუსთავის ჭალის ტყეები, ქალაქის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეს მოიცავს, რომელსაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, სერიოზული ზიანი მიადგა. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჭალის ტყე ნაწილობრივ ბუნებრივად აღდგა, თუმცა მისი განვითარების ჩამოყალიბებული სტრატეგია, დღემდე არ არსებობდა. ჭალის ტყის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე, უკვე 900-მდე ახალი ნერგია დარგული.