რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაეცნენ.
ჭყონდიდელის სახელობის უბანში, მცხეთის, სამშვილდის და ნეკრასოვის ქუჩებზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ახალი საავტომობილო გზისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობაა გათვალისწინებული. სამივე ქუჩაზე ჯამში 15 000 კვ/მ ფართობის ახალი გზა დაიგება, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 700 000 ლარია.
,,საქართველოს სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, რუსთავში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის უბანში, მერიის გუნდი სამ მსხვილ პროექტს ვახორციელებთ. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო და დარწმუნებული ვარ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აქ მაცხოვრებლების ყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გრანელის, გიორგაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზეც, სადაც 11 შიდა ეზოსა და შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. პროექტის ღირებულება 848 140 ლარია. ორივე პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
წელს, რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 65 000 კვ/მ ფართობზე მოეწყობა. ამ ეტაპზე კი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ქალაქში 300- ზე მეტ ლოკაციაზეა აქტიური.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შემდეგ, რუსთავში მოქალაქეთა მუნიციპალური სერვისების ცენტრიც დაათვალიერა. ნინო ლაცაბიძემ, ლევან ხარაბაძეს ის სერვისები გააცნო, რომლითაც რუსთავის მოსახლეობა მუნიციპალური სერვისების რეფორმის შედეგად სარგებლობს.
საქართველოში პირველი მუნიციპალური სერვისების ცენტრი, რუსთავში 2023 წლის მარტში გაიხსნა. ცენტრში, რუსთაველები 100-ზე მეტი მუნიციპალურ სერვისს, ერთ კომფორტულ და თანამედროვე სივრცეში იღებენ. შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების მისაღებად. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცენტრის მომსახურებით, 140 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.