სასაზღვრო პოლიციამ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე – 2006 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.

 

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

სამართალდამცველებმა გ.შ. – ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მასში მოთავსებული მჭიდითა და 16 ცალი ვაზნით, ხოლო გ.შ. – ს დროებით საცხოვრებელი ბინიდან, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 1 ცალი ვაზნა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.