აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„მჯერა, რომ ეს სრული განადგურება იყო. ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ და მათ რაიმეს გამოტანის შანსიც არ ჰქონდათ. მსგავსი მასალის გამოტანა ძალიან რთული და საშიშია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, კვლავ დაარტყამს თუ არა აშშ ირანს, თუ თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამას აღადგენს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დიახ“.
„რაც ახლა მათ ყველაზე ნაკლებად სურთ, ეს რაიმეს გამდიდრებაა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სარაკეტო დარტყმებმა ირანის პროგრამა უკან ათწლეულებით დახია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანსა და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტით „კმაყოფილია და პროცესი კარგად მიმდინარეობს“.