რუსთავის მერიასა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რუსთავში, ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ არქეოლოგიურ ექსპედიციაში, სტუდენტებიც ღებულობენ მონაწილეობას.
რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური კვლევა, რუსთავის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, 17 ივლისს დაიწყო და პირველი ეტაპი ნოემბერში დასრულდება.
რუსთავის მერიამ, სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის პროცესში, ახალგაზრდების ჩართვის მიზნით გააფორმა.
მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, თსუ-ს სტუდენტებს, რუსთავის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, საკვლევ-საძიებო და საველე სამუშაოებში მონაწილეობის და სტაჟირების შესაძლებლობა აქვთ.
უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალავაძე, არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი, რექტორის მოადგილეები კახა ჭეიშვილი და ერეკლე ასტახიშვილი, ასევე ისტორიკოსები და არქეოლოგები ესწრებოდნენ.
რუსთავის ციხეზე არქეოლოგიურ ექსპედიციაში მოსახლეობის და ახალგაზრდების ჩართვის მიზნით, ქალაქის მერიამ მოხალისეთა სარეგისტრაციო ბმული ერთი თვის წინ გამოაქვეყნა. აპლიკაცია, როგორც ანაზღაურებად, ისე მოხალისეობრივ პოზიციებს სთავაზობს მსურველებს და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ექსპედიციის წევრობის სურვილი კი უკვე 100-მდე მოხალისემ და არქეოლოგმა გამოთქვა.
რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, ყველაზე ძველი ნასახლარი, შუა ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ისტორიულ წყაროებში, რუსთავი, მცხეთასთან, ურბნისთან და უფლისციხესთან ერთად ქალაქად, ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან მოიხსენიება. ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან, კი აქ ქართველი უფლისწულების სასახლე-საუფლისწულო ქალაქი იყო.