რუსთავში ფესტივალი ,,ოქსიგენი“, რომელიც წელს მეოთხედ ტარდება, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა.
რუსთავის ცენტრალურ პარკში გამართულ ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრთან ვლადიმერ ბოჟაძესთან და პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად ესწრებოდა. მათ ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს სკოლის წარმატებით დასრულება პირადად მიულოცეს.
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, ქალაქის წარჩინებულ მოსწავლეებს, რომელთაც საჯარო სკოლა ოქროსა და ვერცხლის მედალზე დაასრულეს, წამახალისებელი ფულადი ჯილდოები და სხვა საჩუქრები 2022 წლიდან გადაეცემათ. ტრადიციულად, სპეციალურად მათთვის იმართება საზეიმო მიღებაც.
Oxygen Fest-ის საფესტივალო სივრცეში მოწყობილია დასასვენებელი სივრცეები და კვების ობიექტები, იმართება ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
,,ოქსიგენი“ რუსთავში, პირველად, 2022 წელს გაიმართა. ფესტივალი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს, საფესტივალო სივრცეში შესვლა ვიზიტორებისთვის წელს უფასოა.