პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ს.ჯ. თავს დაესხა შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ფეხი დაარტყა ძირს დავარდნილ პოლიციელს.

 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ამასთან, პროკურატურა ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.