სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხმაურება

დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა! ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან თვითმკვლელობამდე სავარაუდო მიყვანა, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია! – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხმაურება.

 

როგორც ის აღნიშნავს, „ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია“.

 

„ქვეყანაში სრული განუკითხაობაა! ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც „მმართველი პარტია“ ჰქვია. დაწერილი სცენარებითა და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია. ამ დროს, ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა, ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ-კრიმინალურ სივრცეში. ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი. ეს მეთოდები, ეს განუკითხაობა, ეს ცრუ რეალობა და ადამიანური ღირსებისგან დაცლილი რეჟიმი! დემოკრატიასა და ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური „მმართველობა“. დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა!

 

შექმნილი ვითარება, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია! ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფად ვითარდება!“- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.