სახალხო დამცველმა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის სისტემური გამოწვევებისა და ინსტიტუციური ასპექტების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის სისტემური გამოწვევებისა და ინსტიტუციური ასპექტების თემაზე, ფსიქიატრიული დაწესებულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის, სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობასა და სათემო ამბულატორიული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით – ფსიქიატრიაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვის საჭიროებაზე.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად მომზადებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის შესახებ თემატური ანგარიში წარმოადგინეს და ძირითადი მიგნებები და შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს დარგის შესახებ უახლესი ინფორმაცია გაუზიარეს და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში არსებული პრობლემების გადაჭრის პრაქტიკულ გზებზე იმსჯელეს.