გივი მიქანაძე რუსთავში კოლეჯ „მოდუსს“ ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რუსთავში კოლეჯ „მოდუსს“ ესტუმრა, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებს გაეცნო. 

გივი მიქანაძე: „კოლეჯი „მოდუსი არის ერთ-ერთი წარმატებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მსურველებს მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს. კოლეჯი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას უზრუნველყოფს, რითაც ხელს უწყობს  ქვეყანაში ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

მინდა, ყურადღება გავამახვილო პროფესიული კოლეჯების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე – სამინისტრო მომავალში განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს მათი გაძლიერების ხელშეწყობაზე, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს“. 

მინისტრთან ერთად, კოლეჯს ეწვივნენ ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და  რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი.

კოლეჯი „მოდუსი“ წლის  მანძილზე 1000-ზე მეტ  სტუდენტს ემსახურება და ქვემო ქართლის რეგიონის ორ ლოკაციაზე –  რუსთავსა და მარნეულში ფუნქციონირებს, სადაც ჯამში ოცდაოთხი დასახელების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. მათ შორის, პროგრამებს, რომლებშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.

კოლეჯი თანამშრომლობს პენიტენციურ დაწესებულებებთან, სადაც ყოველწლიურად 100-ზე მეტი პატიმარი გადის მომზადებას  5 სხვადასხვა მიმართულების პროგრამაზე და ეუფლება პროფესიას.

2021 წლიდან,  ევროპის საგანმანათლებლო ექსელენს ცენტრების  ქსელში და მიმდინარე წელს   საერთაშორისო   თვითშეფასებაში მონაწილეობის შედეგად, კოლეჯს მიენიჭა საერთაშორისო ხარისხის ნიშანი. დაწესებულება ჩართულია ერასმუს + ის პროგრამებში, როგორც საერთაშორისო პარტნიორი.