დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია – წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 31 ივლისს დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ ღვარცოფული პროცესი დაფიქსირდა. სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს განგაშის სიგნალი დაუყოვნებლივ გადასცა და საგზაო მოძრაობა ოპერატიულად შეიზღუდა.

უწყების განცხადებითვე, დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დრონების მეშვეობით დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება განხორციელდა.

“მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის შენაკადებში ღვარცოფული ნაკადების ფორმირება გამოიწვია. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მდინარე ყუროს და ჩხერეს ხეობები და სოფელ ცდოსთან მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადში განვითარებული მაღალი სიმკვრივის ღვარცოფული ნაკადი, რომელმაც დროებით თერგის კალაპოტი ჩახერგა.

ამ დროისათვის შეგუბება გახსნილია და ხეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე, მძლავრი ღვარცოფული ნაკადის გავლას ადგილი ჰქონდა მდინარე ამალი-დევდორაკის კალაპოტში, თუმცა მას დარიალის ხეობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ზემოქმედება არ მოუხდენია.

მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის. აღნიშნული სისტემა შესაძლებლობას იძლევა, საჭირო შემთხვევაში, საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეიზღუდოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.