ვაშინგტონში მყოფი ილჰამ ალიევი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აშშ-ში იმყოფება. ალიევი ვაშინგტონში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვაშინგტონში ილჰამ ალიევის ვიზიტი აშშ-სა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული საკითხების განსახილველად კარგ შესაძლებლობას აჩენს.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, უიტკოფთან შეხვედრამდე აზერბაიჯანულ სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარსა“ და ამერიკულ კომპანია „ექსონმობილს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ამასთან ცნობილია, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია, საკმაოდ დიდი ხანია, ორივე მხარესთან თანამშრომლობს.