მზია ამაღლობელის პატიმრობა მეტყველებს რეჟიმზე, რომელსაც აღარ აქვს გამბედაობა, დაიხიოს უკან, როცა ნათელია, რომ აქ არანაირი დანაშაული არ არსებობდა და როცა საზოგადოებამ საკუთარი სათქმელი თქვა – არც იმის გამბედაობა აქვს, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს და არც იმის, რომ ნამდვილად უკან დაიხიოს, რჩება ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც ჰგონია, რომ გამოძვრება. ვერ გამოძვრება! – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე.
ზურაბიშვილის თქმით, აქ ეს ბრძოლა არ დამთავრდება.
„ეს მეტყველებს, პირველ რიგში, რეჟიმზე, რომელსაც აღარ აქვს არანაირი გამბედაობა და უნარი, რომ უკან დაიხიოს, როცა ამდენად ნათელია, რომ აქ არანაირი დანაშაული არ არსებობდა და როცა საზოგადოებამ თქვა საკუთარი სათქმელი. არც იმის გამბედაობა აქვს, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს და არც იმის, რომ ნამდვილად დაიხიოს უკან. რჩება ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც ჰგონია, რომ გამოძვრება. ვერ გამოძვრება! აქ არ დამთავრდა ეს ბრძოლა. ვნახეთ მზიას ტოტალური შემართება, რომელიც ძალიან დიდი იმედის მომცემია და რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან დიდი მაგალითია. ამას ეს ხელისუფლება ვერანაირად ვერ დაამარცხებს. არ არის ის განაჩენი, რომელსაც ჩვენ, ყველანი ველოდებოდით, რომ მზია განთავისუფლდებოდა. ამიტომ, არ შეიძლება ასეთ რეჟიმებთან რაიმე მოლოდინი გქონდეს. უნდა ვიყოთ ძალიან მშრალი ამ შეფასებაში და ვიცოდეთ, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ. ასევე, დავინახოთ, სად არის იმ სისუსტის ნიშნები, რომლებიც აშკარად გამოჩნდა მთელი ამ პროცესის მსვლელობის დროს. ამასთან, სად არის სიძლიერის უდიდესი ნიშანი და ამას ჰქვია დღეს მზია ამაღლობელი. მადლობა მას!
მისი პატიმრობაში ჩატოვებით ევროკავშირს [„ქართულმა ოცნებამ“] უთხრა ის, რასაც ეუბნება ყოველდღე. ასევე, ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ ჩვენ თქვენთან არ გვინდა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ვითომ ჩვენი სუვერენობა. ეს არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. პირიქით, ეს მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და ქართველი ხალხის ნებას ვერავინ ვერ დაუდგება წინ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.