პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებმაც თეთრიწყაროში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანგარიშსწორების მიზნით, მამაკაცზე ორგანიზებულად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ა.ბ. და წარსულში ნასამართლევი 1969 წელს დაბადებული პ.ე. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო თეთრიწყაროში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1982 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი მოთავსებულია კლინიკაში. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.