პრემიერი: პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას

პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია, მუდმივად მივაგოთ პატივი თითოეული გმირის ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია, ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების და არა – გარე ძალების კარნახით. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ არ განმეორდეს ასეთი დანაშაულები და ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს მშვიდობა და ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.