რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ომის ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების თანახმად, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დაბრუნდნენ. ამასთან, 68-ე გაცვლის ფარგლებში რვა მშვიდობიანი მოქალაქეც გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.

სამშობლოში დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ მარიუპოლისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაცვაში, ასევე იბრძოდნენ ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ნიკოლაევის, კიევისა და სუმის მიმართულებებით.

ტყვეობიდან დააბრუნეს ორი უკრაინელი ჟურნალისტიც – დიმიტრი ხილიუკი და მარკ კალიუში. დაბრუნებულებს შორისაა ხერსონის ყოფილი მერი, ვოლოდიმირ ნიკოლაენკოც, რომელმაც უარი თქვა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე.

უკრაინის ხელისუფლებამ მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბრუნების ორგანიზებაში დახმარების გაწევისთვის.