სასამართლომ ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა, რაც ძალაში დარჩა.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.