ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების 219 დროებითი წევრი აირჩია. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანდიდატების შერჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.
როგორც ცესკო-ში აღნიშნავენ, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა.
„254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 119-მა კონკურსანტმა, მათგან 51-მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ.
ბოლო ექვსი საერთო არჩევნების ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებიდან:
საუბნო საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელ პირად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა 69 კომისიის წევრს, რაც საერთო რაოდენობის 32 პროცენტს შეადგენს;
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 22 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 10 პროცენტს შეადგენს;
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 188 წევრს, რაც საბოლოო რაოდენობის 86 პროცენტს შეადგენს;
სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად ყოფნის გამოცდილება ჰქონდა 48 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 22 პროცენტს შეადგენს;
საგანმანათლებლო პროექტებში 2020 წელს მონაწილეობა მიღებული ჰქონდა კომისიის 92 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 42 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2022 და 2023 წლებში – 76 წევრს, რაც 35 პროცენტს შეადგენდა და 2024 და 2025 წლებში – 24 წევრს, რაც 11 პროცენტს შეადგენდა.
73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 5 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო“,- აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.